суббота, 16 мая 2009 г.

144-ე საჯარო სკოლის ვებ-გვერდი

სკოლის ისტორია

144-ე საჯარო სკოლა გაიხსნა 1968 წელს.სკოლის პირველმა დირექტორმა მიხეილ ჩიჩუამ ბევრი გააკეთა სკოლის წარმატებით წარმოჩენისთვის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში. 1976 წლიდან სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს, მზია გვიჩია. 1981-82 წლებიდან კი სკოლას ხელმძღვანელობს ირაკლი ახალაია. 1985 წელს თინა სანიკიძე ჩაუდგა სკოლას სათავეში. 1994 წლიდან დღემდე 144-ე საჯარო სკოლის დირექტორია ამავე სკოლის კურსდამთავრებული მანანა კიკაჩეიშვილი.





პრობლემები
1992-93 წლებში სკოლის შენობაში ერთ-ერთი ლტოლვილი უნივერსიტეტი განათავსეს. შენობა გაპარტახდა, ფანჯრებს ჩარჩოები აღარ შერჩა. სამ ცვლაში მომუშავე რუსულ-ქართულ სექტორებიანი სკოლის დატვირთვა ერთი ცვლისას ძლივს უტოლდებოდა. კრწანისის რაიონის განათლების განყოფილების იმჟამინდელი გამგის გადაწყვეტილებით სკოლის დირექტორად დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა კიკაჩეიშვილი. ამონარიდი მასთან ინტერვიუდან: „სკოლის დირექტორობის პირველივე დღიდან ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ.სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა თინათინ შენგელია, რომელიც ხუთი წელი იყო მოადგილე. ჩვენს ზურგზე გადაიარა ყველაფერმა. შუშას ვინ ჩივის, ჩარჩოები აღარ ჰქონდა შენობას, იატაკი აყრილი იყო, დერეფნებში ცარიელი გუდრონი იყო დარჩენილი. ფანჯრებს ცელოფანი ავაკარით ფანჯრებზე, რათა როგორმე გადაგვეტანა ზამთარი. ვაწუხებდით სხვადასხვა ორგანიზაციებს დახმარებისთვის. პურკორპორაციის პრეზიდენტმა ანზორ ბურჯანაძემ მაშინ დიდი სიკეთე გაგვიკეთა:ჩაგვისვა შუშები, დაგვეხმარა მერხების შეძენაში, ორჯერ გადმოგვცა საჩუქრად ბურღულეული. მივაკითხეთ “პირიმზის“ ხელმძღვანელობასაც და გარკვეული თანხა მოვიპოვეთ. 1995 წელს ნელ-ნელა დავდექით ფეხზე.“

სკოლას არ ჰქონდა სააქტო დარბაზი. ერთ დღეს ორ საკლასო ოთახს შორის ჩამონგრეული კედელი აიღეს და მამების კრება ჩაატარეს. ამ ღონისძიებამ საოცარი შედეგი გამოიღო: სასწრაფოდ შეიქმნა “მამების მზრუნველთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეობა ზაზა რუბაშვილს მიანდეს და ... ვინ მატერიალურად, ვინ სამშენებლო მასალებით, ვინ ფიზიკურად გამოიღო ხელი და ერთ დღეს მამებმა შვილებს სააქტო დარბაზი აჩუქეს პატარა სცენით.
მერე... სახელმწიფოც დადგა ფეხზე, მოღონიერდა, სკოლა ჩაერთო სახელმწიფო პროგრამებში...
ტრადიციულად ყოველ ახალ სასწავლო წელს სიახლეებს სთავაზობენ მოწაფეებს.
წლეულს დაახვედრეს მოზარდებს ხელოვნურსაფარიანი კეთილმოწყობილი სტადიონი, ინფორმატიკის მეორე კაბინეტი...
მიზანდასახულად გამოიყენეს მერიის საჩუქარი- 40 ათასი ლარი, საკლასო ოთახებში დაიგო 540 კვ მ ლამინირებული იატაკი. მოწესრიგდა გათბობის, საკანალიზაციო სისტემები, სველი წერტილები, ტუალეტები... მესამე სასწავლო წელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგა პროექტით ,,იაკობ გოგებაშვილი“ ეტაპობრივად ტარდება სკოლაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, გაკეთდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, შარშან შემოიტანეს ახალი მერხები. ე.წ. მეოთხე სიმაღლის გარდა, რომლით უზრუნველყოფასაც უახლოეს ხანში ჰპირდებიან, შეკეთდება სპორტული დარბაზი... იმედოვნებენ, აუცილებლად გალამაზდება შენობის ფასადი, ჩატარდება შიდა კოსმეტიკური რემონტი...
... წელიწადი გასრულდა, რაც მანანა კიკაჩეიშვილი ხელახლა მოვიდა მშობლიური სკოლის დირექტორად.
წარმატებით გაიმარჯვა სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში, მოპოვებული საუკეთესო შედეგები სკოლის არჩევის უფლებას აძლევდა და... აირჩია კიდეც თავისი სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 13 წელი...
აღიარებს:
-დიდი სიძნელეები გამოვიარე... სამეურვეო საბჭოში აღმოჩნდნენ ოპოზიციურად განწყობილნი. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, გავიმარჯვე და ახლა ვთანამშრომლობთ .

ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს : მანანა კიკაჩეიშვილი- დირექტორი, ეკა რაინაული- დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, შორენა ზარდიაშვილი- დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში.

სკოლის მისია: ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დაუფლება-გამოყენება.
სლოგანი : ისწავლე, იშრომე, იცხოვრე!
2008-09 სასწავლო წელს სკოლაში ირიცხება 646 ბავშვი, გახსნილია 24 კლასი. პედაგოგიური კოლექტივი შდგება 66 წევრისაგან, აქედან 15 დამხმარე პერსონალია. სკოლას გააჩნია 29 საკლასო კაბინეტი, 3 კაბინეტ-ლაბორატორია, 31 კომპიუტერით აღჭურვილი 2 ინფორმატიკის კაბინეტი, 2 სტადიონი, მათგან 1-ხელოვნურსაფარიანი, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლაში მოწესრიგებულია წყლის, გათბობის და საკანალიზაციო სისტემები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით "იაკობ გოგებაშვილი" ეტაპობრივად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები: შეკეთდა შენობის სახურავი, ჩაისვა მეტალოპლასმასის ფანჯრები, კლასებში შეიტანეს ახალი მერხები, სკამები, დაფები, 6 საკლასო ოთახში დაიგო ლამინირებული იატაკი .

Комментариев нет:

Отправить комментарий